ნადირობის სეზონი 2025
ნადირობის სეზონი 2025 წლის 23 აგვისტოს გაიხსნება
ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად, 2025 წლის 23 აგვისტოს გაიხსნება.
პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია:
- ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
- გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
- ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.